თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პარტია დროას პრეზენტაცია გამართა და გუნდის ახალი წევრები წარადგინა.
დროას წევრებს შორის არიან დიპლომატები ბათუ ქუთელია და დავით სიხარულიძე, ასევე, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ნინო გოგუაძე.
"ჩვენი პარტია არის არა 1 ადამიანის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი, არამედ ეს არის იდეის გარშემო გაერთიანებული, თავისუფალი, პრინციპული ადამიანების ერთობა. ცვლილებები, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით, რომელიც სასიცოცხლოდ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას, იქმნება სწორედ ასეთი თავისუფალი, პრინციპული, სუფთა, იდეის ერთგული, კომპეტენტური ადამიანების მიერ.
დარწმუნებული ვარ, რომ ის ხალხი, რომელიც დღეიდან ჩაერთვებიან აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, სწორედ ასეთები არიან. დარწმუნებული ვარ, ესეთი გუნდი გააღვივებს ადამიანებში იმ რწმენას, რომლის დანგრევას და სიძულვილის დათესვას, უიმედობის დათესვას ცდილობს ქართული ოცნება", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
პარტიის პრეზენტაციისას სიტყვით ბათუ ქუთელიაც გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს თავისუფალი დემოკრატიების ოჯახში.
"დემოკრატიისა და თავისუფლების იდეა იმარჯვებს იქ, სადაც ამის სჯერათ. საქართველოს ისტორიის ზედაპირული მიმოხილვაც საკმარისია, რომ დავინახოთ, ჩვენ ვიმარჯვებდით, სახელმწიფო მიდიოდა წინ მაშინ, როდესაც ჩვენ გვჯეროდა. გვჯეროდა ჩვენი შესაძლებლობების, ვენდობოდით თანაგუნდელებს, საზოგადოებას და ეს გვაძლევდა სწორედ რწმენას.
ჩვენ გვჯერა მაშინ, როდესაც ეს რწმენა დაფუძნებულია ფასეულობებზე. ამოსავალი წერტილი ყველა წარმატებული სახელმწიფოსი, რომელმაც პროგრესი შეუქცევადად განიცადა, ეფუძნება სწორედ მთავარ ფასეულობას - თავისუფლების იდეას. ასეთი წარმატებული სახელმწიფოების რიგში ვფიქრობ დროა, ჩადგეს საქართველოც. მჯერა, ჩვენ დავიმკვიდრებთ ადგილს თავისუფალი დემოკრატიების ოჯახში", - თქვა ბათუ ქუთელიამ.
დროას კიდევ ერთი წევრის, დავით სიხარულიძის თქმით, პარტია ღია იქნება ყველა იმ ადამიანთან თანამშრომლობისთვის, ვისაც აქვს პროგრესული იდეები და ქვეყნის წინსვლა სურს.
"მე მტკიცედ მჯერა და იდეაც ამ პარტიის შექმნის არის ის, რომ ეს არ იქნება შეზღუდული, მკაცრი პარტიული ჩარჩოებით, არ იქნება ჩაკეტილი პარტიული სტრუქტურა. ეს იქნება ღია სტრუქტურა, რომელიც ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აქვს იდეები. არ არის აუცილებელი რაღაც ფორმალიზებული წევრობა. ამიტომ, ვიწვევთ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს პროგრესული იდეები, ვისაც სურს საქართველოს წინსვლა. ითანამშრომლოს, გახსნილია ეს პარტია ყველა ტიპის თანამშრომლობისათვის", - თქვა სიხარულიძემ.
პარტიის პრეზენტაცია შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, მხარდამჭერების გარეშე ჩატარდა.